ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანებით აღებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით გასვლითი შეხვედრა გაიმართა

ამა წლის 15-16 თებერვალს, წინანდალში, ევროპასთან ინტეგრაციის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანებით აღებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს. სამუშაო შეხვედრასა და დისკუსიაში  მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა  და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ – ნათია თურნავამ, ენერგეტიკული საწარმოების ხელმძღვანელმა პირებმა,  ექსპერტებმა, ასევე აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრო სს გეს „საქრუსენერგოს“  გენერალური დირექტორის მოადგილე ზაზა ლორთქიფანიძე. ღონისძიება გახსნეს კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ტომას შრაპელმა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ – თამარ ხულორდავამ.

მუშა შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ენერგეტიკულ სექტორში ახლო და გრძელვადიან პერსპექტივაში განსახორციელებელი რეფორმები, ასევე იმსჯელეს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის სფეროების განვითარებისა და ხელშეწყობის საკითხებზე.