ინფორმაცია 500 კვ ეგხ „ასურეთზე“ შეკეთებაში ყოფნის პერიოდში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესახებ

საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის ფარგლებში სს გეს „საქრუსენერგომ“ 2016 წელს განახორციელა 500 კვ ეგხ “მუხრანის” N110-N283 ანძებს შორის მონაკვეთის მიერთება ქვესადგურთან „მარნეული-500“. აღნიშნულ ელექტროგადამცემ გადამცემ ხაზს, რომელმაც ერთმანეთთან დააკავშირა  ქვესადურები  „ქსანი-500“ და “მარნეული-500” ეწოდა ახალი დისპეტჩერული სახელი „ასურეთი“. ახალი გადამცემი ხაზის სიგრძემ  56 კილომეტრი შეადგინა.

500 კვ ეგხ „ასურეთი“ დიდგორის ქედზე გადადის რთულ რელიეფურ და მეტეოროლოგიურ არეალში, რის გამოც ხშირი იყო ელექტროგადამცემი ხაზის ავარიული გამორთვები, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში და გაზაფხულზე. ავარიულ გამორთვებს იწვევდა ძლიერი ქარების დროს შუა და განაპირა ფაზის სადენების დაახლოება ანძის ტანთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიღებული იქნა გადაწყვეტილება რთულ კლიმატურ არეალში განთავსებული შუალედური Р2-ს ტიპის ანძების რეკონსტრუქციის თაობაზე, კერძოდ: №260, №262 და №263  ანძების შუა ფაზის სადენების დაკიდება გირლიანდების V-სებრი შესრულებით და განაპირა ფაზებზე ტვირთების დაკიდებით. აღნიშნული სამუშაოების შესრულება დაიგეგმა ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის პერიოდისათვის.

საქართველოს ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან შეთანხმებით 500 კვ ეგხ „ასურეთი“ შეკეთებაში ჩადგა 2018 წლის 29 აგვისტოს და იგი 16 სექტემბრამდე გასტანს. აღნიშნულ პერიოდში გარდა ზემოაღნიშნული სარეკონსტრუქციო სამუშაოებისა შესრულდება №140, ПБ-500 ტიპის რკინაბეტონის გადახრილი და დაზიანებული ანძის შეცვლა ПБ-4 ტიპის მეტალის ანძით, №141, №142, №143, №144 რკინაბეტონის გადახრილი ანძების გასწორება, გატეხილი იზოლატორებისა და გამბრჯენების შეცვლა, მაღლივი დათვალიერება და სხვა გეგმით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები.

500 კვ ეგხ „ასურეთზე“ სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე დაკავებულია თბილისისა და ხაშურის საექსპლუატაციო-სარემონტო უბნების პერსონალი და ტრანსპორტის სამსახური. სამუშაოთა მიმდინარეობას კოორდინაციას და მონიტორინგს უწევს თბილისის საექსპლუატაციო-სარემონტო უბნის უფროსი ვახტანგ ძაგნიძე, პერსონალის მხრიდან სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოებაზე კონტროლს ახორციელებს ტექნიკური უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ფელიქს ჯანაშია. ადგილზე, სამუშაოთა წარმოებისათვის საჭირო სპეცტექნიკისა და ტრანსპორტის შეუფერხებელ მუშაობას კოორდინაციას უწევს ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოადგილე გურამ ჯავშანაშვილი.

ეგხ „ასურეთზე“ სარემონტო სამუშაოების წარმოებაზე მობილიზებულია სს გეს „საქრუსენერგოს“ 50 თანამშრომელი და 20 ერთეული ავტო და სპეცტექნიკა.

სარემონტო სამუშაოების განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად ამაღლდება გადამცემი ხაზის საიმედოობა და მდგრადობა, რაც მეტად მნიშვნელოვანია მოახლოებული შემოდგომა-ზამთრის პერიოდის წარმატებით გავლისათვის და მოსახლეობის უწყვეტი ელექტროენერგიით მომარაგებისათვის.