ინფორმაცია 500 კვ ეგხ „კავკასიონზე“ მიმდინარე და დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების შესახებ

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გამავალ 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ ტექნიკური მდგომარეობის შესწავლისა და სარემონტო სამუშაოების  მონიტორინგის მიზნით სს გეს „საქრუსენერგოს“ პერსონალი მიმდინარე წლის ივლისის თვეში მივლინებული იყო ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში, სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეებში. მივლინების პერიოდში განხილული იქნა ასევე ორგანიზაციული საკითხები სს გეს „საქრუსენერგოს“ ყარაჩაის ფილიალის ეფექტურად და ოპერატიულად მართვისათვის.

500 კვ ეგხ „კავკასიონი“ ერთმანეთთან აკავშირებს „ენგურჰესისა“  და „ცენტრალნაიას“ (რუსეთის ფედერაცია, კრასნოდარის მხარე) 500 კვ ქვესადგურებს. გადამცემი ხაზის სიგრძე 405 კილომეტრია, საიდანაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადის ეგხ-ს 305 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელსაც ექსპლუატაციასა და რემონტს უწევს სს გეს „საქრუსენერგოს“ ყარაჩაის ფილიალი. ფილიალი დაყოფილია ყარაჩაევსკისა და მაიკოპის უბნებად, რომლებიც შესაბამისად განთავსებულია ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში და კრასნოდარის მხარეში.

საქართველოს ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან შეთნხმებით მიმდინარე წლის 8 აგვისტოდან დაგეგმილია ეგხ „კავკასიონის“ შეკეთებაში ჩაყენება, რა დროსაც  სარემონტო-საექსპლუატაციო მომსახურების (РЭО) ხელშეკრულების ფარგლებში ეგხ-ს რუსეთის ტერიტორიაზე გამავალ მონაკვეთზე შესრულდება დაზიანებული იზოლატორებისა და სადენების შეცვლა. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ამჟამად ეგხ-ს გამორთვის გარეშე მიმდინარეობს ეგხ-ს ტრასის გასუფთავება ამონაყარი ხეებისაგან და ბუჩქნარისაგან, ასევე შუალედური ანძების გვარლური დამჭიმების რეგულირებისა და  კუთხოვანებისაგან გაძარცვული  ანძების აღდგენითი სამუშაოები. ელექტროგადამცემი ხაზის შეკეთებაში ყოფნის პერიოდში უნდა დასრულდება გასული წლის დეკემბრის თვეში ეგხ-ს N13-N14 მალში ზვავისაგან დაზიანებული სადენების შეცვლა „А“ ფაზაში, რაც ადრე დაგეგმილ  24 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის პერიოდში „ენგურჰესზე“ შექმნილი ავარიული სიტუაციის გამო ვერ მოესწრო. ეგხ-ს ტრასის გასწვრივ გაჩეხვითი სამუშაოები მიმდინარე წელს შესრულდება 86 ჰა ფართობზე.

ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე შესრულდება დაზიანებული იზოლატორებისა და სახაზო არმატურის შეცვლა, დაზიანებული სადენების შეცვლა და შეკეთება; გაჩეხვითი სამუშაოები ანძებს შორის მალებსა და ანძის გარშემო; ეგხ-ს მაღლივი დათვალიერება. ეგხ „კავკასიონის“ კოდორის ხეობაში გამავალ მონაკვეთზე გარდა ზემოაღნიშნული სამუშაოებისა შესრულდება ანძებთან მისასვლელი გზების აღდგენა, ფუნდამენტების შეკეთება,  ანძების დაკომპლექტება კუთხოვანებითა და ქანჩ-ჭანჭიკებით. ასევე, სხვა სამუშაოები, რომელთა შესრულებაც აუცილებელი იქნება გადამცემი ხაზის უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებისათვის.