საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმის მიხედვით სს გეს „საქრუსენერგოს“ დავალებული აქვს 2020-2021 წლამდე ააშენოს და ექსპლუატაციაში შეიყვანოს საქართველოსა და სომხეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 500 კვ ეგხ “მარნეული-აირუმი” და „სტეფანწმინდა-მოზდოკი“. 500 კვ ეგხ “მარნეული-აირუმის” სიგრძე საქართველოს ტერიტორიაზე იქნება 37 კილომეტრი, რომელიც მოიცავს არსებულ მონაკვეთს ქვესადგურიდან „მარნეული-500“ ეგხ „მუხრანის“ N42 ანძამდე და 18 კმ სიგრძის ახალ ასაშენებელ მონაკვეთს საქართველო-სომხეთის საზღვრამდე (მანძილი საქართველო-სომხეთის საზღვრიდან „აირუმის“ ქვესადგურემდე 10 კმ-ია). რაც შეეხება 500 კვ ეგხ „სტეფანწმინდა-მოზდოკს“ – იგი შეიძლება გახდეს 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ ალტერნატიული ელექტროგადამცემი ხაზი, სიგრძე  130 კილომეტრი იქნება. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად, რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთსა და ირანში (ასევე პირიქით) შესაძლებელი იქნება 1000 მგვტ-მდე სიმძლავრის გატარება. 500 კვ ეგხ „მარნეული-აირუმი“ იქნება სატრანზიტო გზის „მოზდოკი-ყაზბეგი-ქსნის“ გაგრძელება, რაც უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობისა და უსაფრთხოების ამაღლებას, ასევე რუსეთ-საქართველოსა და სომხეთ-ირანს შორის სიმძლავრის მიმოცვლის მაღალ საიმედოობას.