სარემონტო სამუშაოები 500 კვ ეგხ „ქართლი-1“-ზე

500 კვეგხ „ქართლი-1“ საქართველოს ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან შეთანხმებით შეკეთებაში ჩადგა 2019 წლის 17 მარტს და სარემონტო სამუშაოები გაგრძელდა 31 მარტის ჩათვლით.   აღნიშნულ პერიოდში ელექტროგადამცემ ხაზზე შესრულდა ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები, მათ შორის შეიცვალა 4 კილომეტრამდე სიგრძის АС400/51 ტიპის  დაზიანებული სადენი, რომელზეც დიდი რადენობით დამონტაჟებული იყო სარემონტო მომჭერები და ბანდაჟები. მსგავსი სამუშაოები შესრულდა გასულ წელსაც, რა დროსაც შეიცვალა 11 კილომეტრამდე სადენი.

500 კვ ეგხ „ქართლი-1“-ზე სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე დაკავებული იყო თბილისისა და ხაშურის საექსპლუატაციო-სარემონტო უბნების პერსონალი და ასევე ტრანსპორტის სამსახური. ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოები ანძების ტრავერსებზე და მეხდამცავი გვარლის სადგარებზე შეასრულა კონტრაქტორმა კომპანიამ „ჯთ სერვისმა“. ანძების დგარების ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოები გრძელდება ეგხ-ს შეკეთებიდან გამოსვლის შემდეგ.

სამუშაოთა მიმდინარეობას კოორდინაციას და მონიტორინგს უწევდა აღმოსავლეთ საქართველოს ეგხ-ების ექსპლუატაციისა და მშენებლობის მენეჯერი ვახტანგ კიკვაძე, ხოლო  პერსონალის მხრიდან სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოებაზე კონტროლს ახორციელებდა შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ფელიქს ჯანაშია.

              სულ 500 კვ ეგხ „ქართლი-1“-ის შეკეთებაში ყოფნის პერიოდში:

  • შეიცვალა 4 კმ-მდე სიგრძის დაზიანებული АС400/51 ტიპის  სადენი – ახლით;
  • შეიცვალა 1273 ცალი დაზიანებული და დაჭუჭყიანებული იზოლატორი;
  • დამონტაჟდა 3 კომპლექტი გამთანაბრებელი ეკრანი;
  • დამონტაჟდა 120 ცალი გამბრჯენი;
  • მეხდამცავ გვარლზე დამონტაჟდა 98 კომპლექტი განმმუხტველი რქები;
  • ანძებზე და მალში, სადაც შესრულდა სარემონტო სამუშაოები ჩატარდა მაღლივი დათვალიერება.

500 კვ ეგხ „ქართლი-1“-ის სარემონტო სამუშაოებზე მობილიზებული იყო სს გეს „საქრუსენერგოს“ 40 თანამშრომელი და 15 ერთეული სპეცტექნიკა.

სარემონტო სამუშაოების განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად ამაღლდა გადამცემი ხაზის იმედიანობა, რაც მეტად მნიშვნელოვანია ენერგოსისტემისათვის, მოახლოებული გაზაფხული-ზაფხულის წყალუხვობის პერიოდის წარმატებით გავლისათვის.