ჩვენ შესახებ

სააქციო საზოგადოება გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა

“საქრუსენერგო”

   სააქციო საზოგადოება გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა  “საქრუსენერგო“ დაფუძნდა 1996 წელს  საქართველოს მთავრობისა და რუსეთის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის გადაწყვეტილებით. სააქციო საზოგადოების აქციონერები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და რუსეთის გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა  სააქციო საზოგადოება “ფედერალური საქსელო კომპანია“.

სააქციო საზოგადოებიის მართვის უმაღლესი ორგანოა აქციონერთა კრება. საზოგადოებას ყავს სამეთვალყურეო საბჭო. საზოგადოების ყოველდღიურ საქმიანობას ხელმძღვანელობს და მართავს გენერალური დირექტორი.

სააქციო საზოგადოება გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა “საქრუსენერგო“ ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 500, 330 და 220 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს, მათ შორის   სისტემათაშორის:

  • 500 კვ ეგხ “კავკასიონს”, რომლითაც შესაძლებელია რუსეთის ენერგოსისტემასთან პარალელურ რეჟიმში მუშაობა და 600 მგვტ სიმძლავრის მიმოცვლა. ეგხ „კავკასიონი“ ერთმანეთთან აკავშირებს ენგურის ჰიდროელექტროსადგურისა და „ცენტრალნაიას“ ქვესადგურებს. ხაზის სიგრძე 405 კილომეტრია,  ექსპლუატაციაში შევიდა 1984 წელს;
  • 330 კვ ეგხ “გარდაბანს” და 500 კვ ეგხ “მუხრანის ველს”, რომელთა მეშვეობითაც აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან შესაძლებელია პარალელურ რჟიმში მუშაობა და 900 მგვტ-მდე სიმძლავრის მიმოცვლა. 330 კვ ეგხ „გარდაბანი“  და  500 კვ ეგხ „მუხრანის ველი“ გარდაბნის ქვესადგურიდან  დაკავშირებულია შესაბამისად „აღსტაფისა“ და „სამუხის“ ქვესადგურებთან. ეგხ „გარდაბანი“ ექსპლუატაციაში შევიდა 1958 წელს, ხოლო ეგხ „მუხრანის ველი“ – 1987 წელს.
  • 220 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს “აჭარას”, რომლის მეშვეობითაც ჩიხურ რეჟიმში თურქეთთან ხორციელდება 150 მგვტ სიმძლავრის მიმოცვლა. ეგხ „აჭარა“ ერთმანეთთან აკავშირებს ქვესადგურებს „ბათუმი-220“-ს და „ხოფას“, ექსპლუატაციაში შევიდა 1979 წელი;
  • საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმის მიხედვით სს გეს „საქრუსენერგოს“ დავალებული აქვს 2020-2021 წლამდე ააშენოს და ექსპლუატაციაში შეიყვანოს საქართველოსა და სომხეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 500 კვ ეგხ “მარნეული-აირუმი” და „სტეფანწმინდა-მოზდოკი“. 500 კვ ეგხ “მარნეული-აირუმის” სიგრძე საქართველოს ტერიტორიაზე იქნება 37 კილომეტრი, რომელიც მოიცავს არსებულ მონაკვეთს ქვესადგურიდან „მარნეული-500“ ეგხ „მუხრანის“ N42 ანძამდე და 18 კმ სიგრძის ახალ ასაშენებელ მონაკვეთს საქართველო-სომხეთის საზღვრამდე (მანძილი საქართველო-სომხეთის საზღვრიდან „აირუმის“ ქვესადგურემდე 10 კმ-ია). რაც შეეხება 500 კვ ეგხ „სტეფანწმინდა-მოზდოკს“ – იგი შეიძლება გახდეს 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ ალტერნატიული ელექტროგადამცემი ხაზი, სიგრძე  130 კილომეტრი იქნება. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად, რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთსა და ირანში (ასევე პირიქით) შესაძლებელი იქნება 1000 მგვტ-მდე სიმძლავრის გატარება. 500 კვ ეგხ „მარნეული-აირუმი“ იქნება სატრანზიტო გზის „მოზდოკი-ყაზბეგი-ქსნის“ გაგრძელება, რაც უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობისა და უსაფრთხოების ამაღლებას, ასევე რუსეთ-საქართველოსა და სომხეთ-ირანს შორის სიმძლავრის მიმოცვლის მაღალ საიმედოობას.

მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზებით შესაძლებელია ზაფხულში, საქართველოში გამომუშავებული ჭარბი ენერგიის  ექსპორტი და ზამთარში – მნიშვნელოვანი მონაწილეობა ენერგოსისტემის დეფიციტის შევსებაში.

კომპანია ასევე ფლობს შიდა სასისტემო ელექტროგადამცემ ხაზებს:

  • 500 კვ ეგხ „იმერეთს“, რომლის მეშვეობითაც ენგურჰესში გამომუშავებული და იქ თავმოყრილი ელექტროენერგია ქვესადგურ „ზესტაფონი-500“-ის გავლით გადაიცემა, როგორც აღმოსავლეთ საქარველოში, ისე საექსპორტოდ.  ეგხ “იმერეთი” ექსპლუატაციაში შევიდა 1978 წელს, ენგურჰესის ექსპლუატაციაში შესვლასთან ერთად. მისი სიგრძე 128 კილომეტრია, ზღვრული დატვირთვა – 900 მგვტ;
  • 500 კვ ეგხ „ქართლი-1“-ს – ერთმანეთთან აკავშირებს ქვესადგურებს: „ქსანი-500“-სა და „გარდაბანი-500“-ს, ექსპლუატაციაში შევიდა 1968 წელს, ზღვრული დატვირთვაა 850 მგვტ, სიგრძე 91 კმ;
  • 500 კვ ეგხ „ქართლი-2“-ს – ერთმანეთთან აკავშირებს ქვესადგურებს: „ზესტაფონი-500“-სა და „ქსანი-500“-ს, ექსპლუატაციაში შევიდა 1968 წელს, ზღვრული დატვირთვაა 850 მგვტ, სიგრძე 164 კმ;
  • 500 კვ ეგხ „ასურეთს“, რომელიც წარმოადგენს 500 კვ ეგხ „მუხრანის“ მონაკვეთს ქვესადგური „ქსანი-500“-დან „მარნეული-500“ ქვესადგურამდე. ეგხ-ს სიგრძე 56 კმ-ია, ზღვრული სიმძლავრე 600 მგვტ, ექსპლუატაციაში შევიდა 2016 წელს;

საზოგადოების საქმიანობის ძირითადი სფერო საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფაა, რისთვისაც კომპანიას მუდმივად უხდება საკუთრებაში არსებულ ელექტროგადამცემ ხაზებზე აუცილებელი პროფილაქტიკური, სარეკონსტრუქციო, სარემონტო და აღდგენითი სამუშაოების განხორციელება.

საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროგადამცემ ხაზებს ექსპლუატაციას უწევს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განლაგებული ოთხი საექსპლუატაციო-სარემონტო უბანი (წალენჯიხის, ზესტაფონის, ხაშურისა და თბილისის სსუ-ები). რუსეთის ტერიტორიაზე 500 კვ ეგხ „კავკასიონს“ ექსპლუატაციას უწევს სს გეს “საქრუსენერგოს” „ყარაჩაის“ ფილიალი, რომელიც დაყოფილია მაიკოპისა და ყარაჩაევსკის უბნებად. უბნები დაკომპლექტებულია კვალიფიციური პერსონალით და აღჭურვილია გადამცემი ხაზის მომსახურებისათვის საჭირო მანქანებითა და მექანიზმებით. კომპანიის საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზების ჯამური სიგრძე 908 კილომეტრია, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე – 603 კმ.

კომპანიაში 250-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განახლდა და შეივსო კომპანიის სპეცტექნიკის პარკი, მათ შორის მძიმე ტექნიკით, რომელთაც არაერთხელ მიუღიათ მონაწილება ქვეყანაში სტიქიური მოვლენებით შექმნილი პრობლებების სალიკვიდაციო სამუშაოებში. კომპანია კვლავაც მზად არის საჭიროების შემთხვევაში  ცოცხალი ძალითა და ტექნიკით აქტიური მონაწილეობა მიიღოს ქვეყნისათვის საჭირბოროტო და პრობლემატური საკითხების მოგვარებაში.

კომპანიის თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ სპორტულ და გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში. გასულ წელს „საქრუსენერგომ“ პირველი ადგილი მოიპოვა ენერგოკომპანიებს შორის მინიფეხბურთში გამართულ ჩემოპიონატში.

უნდა აღინიშნოს რომ „საქრუსენერგო“ 2017 წლამდე საქმიანობდა იჯარით აღებულ საოფისე ფართში და ასევე იჯარით  აღებულ ტერიტორიაზე სადაც განთავსებული იყო კომპანიის ბაზა, ლოჯისტიკისა და ტრანსპორტის სამსახური, თბილისის საექსპლუატაციო-სარემონტო უბანი, მძიმე ტექნიკა და მასალების საწყობი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმებული გრძელვადიანი იჯარის საფუძველზე ქ. თბილისში, გლდანში, მარკ ბრონშტეინის ქ. N1-ში გადმოგვეცა 7500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ ტერიტორიაზე განხორციელდა კომპანიისათვის ოფისისა და ბაზის მშენებლობა და იგი ექსპლუატაციაში შევიდა 2017 წელს.

გაწეული საქმიანობის შედეგად დღეისათვის კომპანიის საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზები ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია. ბუნებრივი კატაკლიზმებისაგან და ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევისათვის კომპანია მზად არის პრობლემები აღმოფხვრას უმოკლეს ვადებში, რისთვისაც პერსონალი ნებისმიერ ამინდში და დღე-ღამის ნებისმიერ დროს მუდმივ მზადყოფნაშია ენერგოსისტემის უწყვეტობის, უსაფრთხოებისა და საიმედოობის უზრუნველსაყოფად.