2019 წლის ბიზნეს-გეგმით გთვალისწინებული სამუშაოები 500 კვ ეგხ „კავკასიონზე“ დასრულდა

სს გეს „საქრუსენერგოს“ საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს სტრატეგიული მნიშვნელობის, საქართველოსა და რუსეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „კავკასიონის“ გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება. მიმდინარე წელს ელექტროგადამცემი ხაზის მთლიან მონაკვეთზე შესრულდა კომპანიის ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული სატემონტო-აღდგენითი სამუშაოები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მიმდინარე შემოდგომა-ზამთრის სეზონის წარმატებით გავლას.

მიუხედავად გაწეული საქმიანობისა არის გარკვეული ხასიათის პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ეგხ „კავკასიონზე“ ზოგიერთი სარელეო დაცვისა და სახაზო ავტომატიკის  არარსებობასთან.

500 კვ ეგხ „კავკასიონი“ გადის რთულ რელიეფურ და მეტეოროლოგიურ არეალში. ეგხ-ს ავარიულ გამორთვებს ძირითადად იწვევს ატმოსფერული დაცლები. დღეისათვის მდგომარეობას ართულებს  ისიც, რომ ეგხ „კავკასიონი“ არ არის აღჭურვილი თანამედროვე სწრაფმოქმედი დაცვებით, ერთფაზა და სამფაზა ავტომატიური განმეორებითი ჩართვის მოწყობილობებით. აღნიშნული უზრუნველყოფდა, როგორც საქართველოსა და რუსეთის ენერგოსისტემების პარალელური რეჟიმში მუშაობის მდგრადობას, ასევე ენგურჰესის აგრეგატების იმედიანობას. ეგხ „კავკასიონის“ ავარიული გამორთვების სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ გამორთვების 90%-ზე მეტი გარდამავალი ერთფაზა მოკლე შერთვაა და ხაზზე ზემოაღნიშნული დაცვებისა და ავტომატიკის მოწყობილობების არსებობის შემთხვევაში თავიდან იქნებოდა აცილებული ეგხ-ს სამივე ფაზის გამორთვა და პარალელური მუშაობის რეჟიმის დარღვევა.

აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით სს გეს „საქრუსენერგო“ მიმდინარე წლის ბოლომდე „ჯენერალ-ელექტრიკისაგან“ შეისყიდის 500 კვ ეგხ „კავკასიონზე“ განსახორციელებელი სწრაფმოქმედი დაცვის სისტემებს, მათ შორის დაზიანების აღმომჩენ ხელსაწყოს, რომელსაც ექნება მინიმალური ცდომილება. აღნიშნულის განხორციელებით მნიშვნელოვნად ამაღლდება გადამცემი ხაზის მდგრადობა და საქართველოსა და რუსეთის ენერგოსისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის იმედიანობა.

უწყვეტი ფუნქციონირებისათვის, უსაფრთხოებისა და საიმედოობის უზრუნველყოფისათვის კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს არა მარტო ელექტროგადამცემი ხაზების ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნებას, რაც ბოლო დროს მნიშვნელოვნად ამაღლდა, არამედ მომსახურე პერსონალისა და ელექტროგადამცემი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებას და სანიტარული ნორმების დაცვას. კომპანიის მიერ ბოლო დროს განხორციელებული სამუშაოების ეფექტურობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ახალი ტექნიკისა და მოწყობილობების გამოყენების ხარჯზე. აღსანიშნავია, რომ მკაცრი ზამთრისა და უამინდობების მიუხედავად გასულ და მიმდინარე წელს არ გვქონია კომპანიის ხაზების არცერთი ავარიული გამორთვა, რომელიც ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკური გაუმართაობით იქნებოდა გამოწვეული.