500 კვ ეგხ „მუხრანის“ N42-N109 ანძებს შორის მონაკვეთის მიერთება ქვესადგური „მარნეული-500“-ის 500 კვ-ის სალტეზე

სს გეს „საქრუსენერგოს“ 2019 წლის ბიზნეს გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს  500 კვ ეგხ „მუხრანის“ N42-N109 ანძებს შორის მონაკვეთის მარნეულის ქვესადგურის 500 კვ სალტეზე მიერთების სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წლის 20 ნოემბერს მოინახულა სს გეს „საქრუსენერგოს” ხელმძღვანელობამ.

როგორც ცნობილია 500 კვ ელექტროგდამცემი ხაზი „მუხრანი“, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებს ქვესადგურების „ქსანი-500“-სა და „მინგეჩაურის“ (აზერბაიჯანი) საშუალებით, გასული საუკუნის 90-იან წლებში გარკვეული პერიოდით უმოქმედობის დროს გაიძარცვა. აღდგენილი და რეაბილიტირებული 500 კვ ეგხ „მუხრანი“ 2011-2016 წლებში ახლადაშენებული ქვესადგურების „მარნეული-500“-სა და „სამუხის“ (აზერბაიჯანი) გაჩენის შედეგად დაიყო რამდენიმე ნაწილად, კერძოდ:

  • 2011 წელს 500 კვ ეგხ „მუხრანის“ N1-N36 ანძებს შორის მონაკვეთი გამოყენებული იქნა ახალი, 500 კვ ეგხ „მუხრანის ველის“ მშენებლობაში, რომელმაც ერთმანეთთან დაააკავშირა ქვესადგურები „გარდაბანი-500“ და „სამუხი“ (აზერბაიჯანი). გადამცემი ხაზის სიგრძემ საქართველოს ტერიტორიაზე შეადგინა 20 კმ. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადამცემი ხაზის სიგრძე 100 კმ-ია.
  • 2016 წელს საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 10 წლიანი პროგრამის ფარგლებში სს გეს “საქრუსენერგომ“ განახორციელა  500 კვ ეგხ “მუხრანის“ N110-N281 ანძებს შორის მონაკვეთის მიერთება ქ/ს “მარნეული-500“-ის 500 კვ სალტეზე. აღნიშნულ ელექტროგადამცემ ხაზს, რომელის სიგრძე შეადგენს 56 კმ-ს და  ერთმანეთთან აკავშირებს ქვესადგურებს „ქსანი-500“ და „მარნეული-500“ – ეწოდა დისპეტჩერული სახელი 500 კვ ეგხ „ასურეთი“.
  • საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის ფარგლებში, 2022 წლისთვის უნდა დასრულდეს 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „მარნეული-აირუმის“ (დებედა“) მშენებლობა, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს 500 კვ ქვესადგურებს „მარნეული-500“ და „აირუმს“ (სომხეთი), ამ პროექტი დასახელებაა „მარნეული-აირუმი“. საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზის სიგრძე იქნება 37 კმ და მის შემადგენლობაში გამოყენებული იქნება 500 კვ ეგხ „მუხრანის“N42-N109 ანძებს შორის რეაბილიტირებული, 18 კილომეტრიანი მონაკვეთი. სომხეთის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზის სიგრძე საქართველო-სომხეთის საზღვრიდან აირუმის ქვესადგურამდე 10 კმ-ია.

500 კვ ეგხ „მუხრანის“ №42-№109 ანძებს შორის მონაკვეთის ქვესადგურ „მარნეული-500“-ის 500 კვ-ის სალტეზე მიერთების სამუშაოები მიმდინარეობს 6 ნოემბრიდან. აღნიშნულის განსახორციელებლად მოეწყო ფუნდამენტები და დამონტაჟდა ახალი,№109 და N109 (У2К+5 ტიპის) ანძები. ამჟამად, საქართველოს ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან შეთანხმებით მიმდინარეობს სადენის მონტაჟისა და პორტალზე მიერთების სამუშოები, რომლის დასრულების სავარაუდო ვადა 2019 წლის 30  ნოემბერია.

შესასრულებელი სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე აღნიშნული სამუშაოების წარმოებაზე თბილისისა და ხაშურის სსუ-ების პერსონალთან ერთად მობილიზებულია ტრანსპორტის სამსახურის პერსონალი –  სულ 50-მდე სს გეს „საქრუსენერგოს“ თანამშრომელი და 15 ერთეული სპეცტექნიკა.

სამუშაოთა მიმდინარეობას კოორდინაციას და მონიტორინგს უწევს სს გეს „საქრუსენერგოს“ აღმოსავლეთ საქართველოს ელექტროგადამცემი ხაზების ექსპლუატაციისა და მშენებლობის მენეჯერი ვახტანგ კიკვაძე, ხოლო პერსონალის მიერ სამუშაოთა უსაფრთხო წარმოებაზე კონტროლს ახორციელებს შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ფელიქს ჯანაშია. ფარულ სამუშაოებზე ზედამხედველობას და კონტროლს ახორციელებს დამოუკიდებელი ექსპერტი.