500 კვ ეგხ „მუხრანის“ მიერთება ქ/ს „მარნეული-500“-ის 500 კვ სალტეზე.

ელექტროენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანაა, რომლის წარმატებით განხორციელება ხელს შუწყობს არსებული ენერგეტიკული რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და ქვეყნის მდგრად განვითარებას.

ახლო მომავალში, გენერაციის ობიექტების მშენებლობასთნ ერთად აუცილებელი იქნება გადამცემი ქსელის მნიშვნელოვანი განვითარება, როგორც მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი, ასევე შიდა სასისტემო მოხმარების (ახალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა და  არსებულების მოდერნიზაცია-რეაბილიტაცია).

საქართველოს, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს კასპიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების ენერგეტიკული ინტეგრაციის პროცესში. აღნიშნული გულისხმობს ამ ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის მიმოცვლას და საქართველოს ჰიდროენერგორესურსების მაქსიმალურად ათვისება-რეალიზებას. დღეისათვის საქართველოდან მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებთან სიმძლავრის მომოცვლა ხორციელდება 500, 400, 330, 220 კვ ძაბვის სატრანზიტო ელექტროგადამცემი ხაზებით: რუსეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში და პირიქით.

საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 10 წლიანი გეგმისა და პროექტის ფარგლებში, რომლის დასახელებაა “მარნეული” სს გეს “საქრუსენერგომ” 2016 წელს განახორციელა 500 კვ ეგხ „მუხრანის“ მიერთება ქ/ს „მარნეული-500“-ის 500 კვ სალტეზე. ელექტროგადამცემი ხაზის სიგრძემ ქ/ს „ქსანი-500“-დან ქ/ს „მარნეული-500“-მდე შეადგინა 56 კმ და ეწოდა  500 კვ ეგხ „ასურეთი“ (სადისპეტჩერო დასახელება). აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიმდინარე წელს დასრულდება 500 კვ ეგხ “მარნეული-აირუმის” მშენებლობის საპროექტო სამუშაოები, ხოლო 2019 წლისათვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა 500 კვ მარნეულის ქვესადგურიდან საქართველო-სომხეთის საზღვრამდე. აღნიშნული მოიცავს ქვესადგურიდან გამომავალ მონაკვეთის მიერთებას  ეგხ “მუხრანის” N110-N42 ანძების მონაკვეთზე (17,2 კმ) და ახლად ასაშენებელ მონაკვეთს ეგხ “მუხრანის” N42 ანძიდან საქართველო სომხეთის საზღვრამდე (18,5 კმ). ეგხ-ს მონაკვეთს საქართველო-სომხეთის საზღვრიდან აირუმის ქვესადგურამდე (10 კმ) ააშენებს სომხეთის მხარე.

პროექტის განხორციელების შედეგად, რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთსა და ირანში (ასევე პირიქით) შესაძლებელი იქნება 700 მგვტ-მდე სიმძლავრის გატარება. 500 კვ ეგხ „მარნეული-აირუმი“ იქნება ასევე სატრანზიტო ხაზის „მოზდოკი-ყაზბეგი-ქსნის“ გაგრძელება, რომლის 14 კილომეტრიან მონაკვეთს სტეფანწმინდის 500 კვ ქვესადგურიდან საქართველო-რუსეთის საზღვრამდე, საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 10 წლიანი გეგმის ფარგლებში, ააშენებს სს გეს „საქრუსენერგო“. მშენებლობის დასრულება ნავარაუდევია 2021 წლისათვის.

აღნიშნული პროექტები უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ტრანზიტის  გაზრდას რუსეთისა და ირანის  ენერგოსისტემებს შორის საქართველო-სომხეთის გავლით. იგი ასევე      მნიშვნელოვნად აამაღლებს ელექტროენერგიის ხარისხს და საქართველოს ენერგეტიკული სისტემის იმედიანობას.