საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 2020-2030 და 2021-2031 ათწლიანი გეგმების შესაბამისად სს გეს „საქრუსენერგომ“ განახორციელა პროექტი, რომლის დასახელებაა „330 კვ ეგხ გარდაბანი-აღსტაფას გაორჯაჭვიანება“.

პროექტის შესაბამისად აშენდა ახალი, ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზი დისპეტჩერული დასახელებებით 330 კვ ეგხ „გარდაბანი-1“ და 330 კვ ეგხ „გარდაბანი-2“.

აღნიშნულმა ელექტროგადამცემმა ხაზებმა ჩაანაცვლეს არსებული ერთჯაჭვა 330 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზი „გარდაბანი“, რომელიც ექსპლუატაციაში იყო 1958 წლიდან და ამოწურული ჰქონდა საექსლუატაციო რესურსი.

მშენებლობის განხორციელებისათვის „საქრუსენერგომ“ მოიპოვა ყველა საჭირო ნებართვები, გამოისყიდა ან სარგებლობის უფლებით დაირეგისტრირა მიწები, გააფორმა კონტრაქტი მშენებელ კომპანიასთან და სხვა“.

 ორჯაჭვა 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ სამშენებლო-სამონტაჟო და არსებული 330 კვ ეგხ „გარდაბნის სადემონტაჟო სამუშაოები დაიწყო 2021 წლის 12 აპრილს მშენებელ კომპანია სს „ენერგონთან“ გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად.

 სამუშაოების მიმდინარეობას ზედამხედველობას უწევდა აკრედიტირებული А ტიპის ინსპექტირების ორგანო -შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი“. 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ მშენებლობის დროს პროექტიდან გადახვევებს ადგილი არ ჰქონია.

ორჯაჭვა ელექტროგადამცემმა ხაზმა („გარდაბანი-1“ და „გარდაბანი-2“) წარმატებით გაიარა ტესტირება ძაბვის ქვეშ 72 საათის განმავლობაში, რა დროშიც შენიშვნები არ დაფიქსირებულა.

ახალი ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა დასრულდა 2022 წლის 30 მაისს და 330 კვ ეგხ „გარდაბანი-1“ ჩაირთო საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებში. არსებული 330 კვ ეგხ „გარდაბნის“ სადემონტაჟო სამუშაოები დასრულდა 2022 წლის 21 ივლისს.

ამჟამად მომზადებულია ყველა საჭირო დოკუმენტაცია სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში“ წარსადგენად 330 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების  „გარდაბანი-1“-სა და „გარდაბანი-2“-ის ექსპლუატაციაში მისაღებად.

330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ სიგრძე 18,504 კმ-ია. ელექტროგადამცემი ხაზის ტრასაზე დამონტაჟდა 69 ანძა და  232 კმ AC-300/67  მარკის სადენი, თითოეული ჯაჭვის ფაზაში  ორი სადენი. ორჯაჭვა 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბანი“ საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე აღჭურვილია ოპტიკურ-ბოჭკოვანი გვარლით.

აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზით აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან შესაძლებელია 700 მგვტ-მდე სიმძლავრის ელექტროენერგიის მიმოცვლა, რაც  მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობას და უსაფრთხოებას, მნიშვნელოვნად აამაღლებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უწყვეტი ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობას.