2021 წელს სს გეს „საქრუსენერგოს“ ელექტროგადამცემ ხაზებზე სარემონტო სამუშაოების წარმოების გეგმა-გრაფიკის მიხედვით 500 კვ ეგხ „იმერეთი“  შეკეთებაში უნდა ჩამდგარიყო მიმდინარე წლის 04 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით.

ენგურჰესზე მიმდინარე ფართომაშტაბიანი სარემონტო სამუშაოებიდან გამომდინარე შესაძლებელი გახდა ეგხ „იმერეთის“ შეკეთებაში ჩაყენება და მასზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების წარმოება.

საქართველოს ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან შეთანხმებით 2021 წლის 09 თებერვალს 500 კვ ეგხ „იმერეთი“ ჩადგა შეკეთებაში. ეგხ-ს  შეკეთებაში ყოფნის პერიოდმა შეიძლება გასტანოს მაისის დასაწყისამდე. ეგხ „იმერეთზე“ შესრულდება გატეხილი იზოლატორების, გაცვეთილი სახაზო არმატურის, გატეხილი განმბრჯენებისა და დაზიანებული სადენების შეცვლის სამუშაოები. შესრულდება ასევე ვიბროჩამქრობებისა და განმმუხტველი რქების მონტაჟი, გადახრილი გირლანდების გასწორება, ეგხ-ს N230-N231 მალში გაბარიტის აღდგენა მიწის მოჭრით, მარყუჟებში დაზიანებული სადენების შეკეთება, მეხდამცავი გვარლის მარყუჟის დამიწებების აღდგენა და სხვა გაუთვალისწინებელი სამუშაოები, რომლებიც აღმოჩნდება სარემონტო სამუშაოთა მიმდინარეობის პროცესში და მათი შესრულება აუცილებელი იქნება ელექტროგადამცემი ხაზის უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის.

შეკეთებაში ყოფნის პერიოდში წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში გამავალ მონაკვეთებზე ეგხ „იმერეთის“ №21, 22, 26÷30, 115÷117, 119÷121, 123÷127, 130÷137 ფოლადის ანძებზე, კონტრაქტორის ძალებით, დაგეგმილი გვაქვს ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოების წარმოება.

500 კვ ეგხ „იმერეთზე“  სარემონტო სამუშაოთა წარმოებაზე ზესტაფონისა და წალენჯიხის საექსპლუატაციო-სარემონტო უბნების პერსონალთან ერთად დაკავებულია ტრანსპორტის სამსახურის პერსონალი, მობილიზებულია სპეცტექნიკა. სარემონტო სამუშაოების შესრულების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება ეგხ „იმერეთის“ საიმედოობა, რაც მეტად მნიშვნელოვანია მოახლოებული წყალდიდობის პერიოდში ელექტროენერგიის შეუფერხებელი გადაცემისათვის.