5 დეკემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სახელმწიფო წილობრივი ენერგეტიკული კომპანიების, მათ შორის „საქრუსენერგოს“ წლიური ანგარიში მოისმინა.

მსხვილი სახელმწიფო ენერგოკომპანია „საქრუსენერგო“ 2019 წელს საოპერაციო მოგებით ასრულებს. კომპანია ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 500, 330 და 220 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს, მათ შორის, საქართველოს ენერგოსისტემის დამაკავშირებელ ხაზებს რუსეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან. „საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორის ბაჩანა სულაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 2018-2019 წლებში კომპანიის ელექტრო-გადამცემი ინფრასტრუქტურა გამართულად ფუნქციონირებდა, რის გამოც აღნიშნულ პერიოდში სისტემის საავარიო გამორთვას ადგილი არ ჰქონია. ბაჩანა სულაძის განცხადებით, კომპანიას ფინანსური მაჩვენებლები საშუალებას აძლევს, განახორციელოს პროექტები საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმიდან, რომლებიც მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობისა და საიმედოობისთვის, ასევე კომპანიის შემდგომი განვითარებისთვის.