1996 წლის 27 მაისს    საქართველოს მთავრობასა და სააქციო საზოგადოება „რუსეთის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის“ (РАО «ЕЭС Россия»-ს) შორის ენერგეტიკის დარგში თანამშრომლობის შესახებ დადებული შეთანხმების საფუძველზე სააქციო საზოგადოება გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა  “საქრუსენერგო” დაფუძნდა.

სააქციო საზოგადოების ჩამოყალიბების დროისათვის დაგროვილი იყო უამრავი პრობლემა, სავალალო მდგომარეობაში იყო ელექტროგადამცემი ხაზები, გაჩანაგებული იყო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ხოლო ფინანსური მდგომარეობა – კატასტროფული. წლების განმავლობაში არ ტარდებოდა გეგმიური სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოები, გადამცემი ხაზების დიდი ნაწილი იყო გაძარცული და მოითხოვდა აღდგენა-რეაბილიტაციას. ანძების გარკვეული ნაწილი მეწყრულ, ქარ და ზვავსაშიშ ზონაში იყო, რაც საჭიროებდა გამაგრებით და სხვა სახის სამუშაოებს, ხოლო ზოგიერთ უბანზე – ხაზის ტრასის პროფილის შეცვლას. ხშირი იყო ავარიული გამორთვები, რაც იწვევდა ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის მუშაობის რეჟიმის მოშლას და ხშირად სისტემის სრულ ან ნაწილობრივ ჩაქრობას. ყოველივე ეს კი მძიმე ტვირთად აწვებოდა ქვეყნის მწირ ეკონომიკას.

სააქციო საზოგადოება „საქრუსენერგო“-ს შექმნის შემდეგ შემუშავდა 500, 330 და 200 კვ. ელექტროგადამცემი ხაზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მოკლე და გრძელვადიანი პროგრამები და დაიწყო აქტიური მუშაობა ელექტროგადამცემი ხაზების წესრიგში მოსაყვანად. შეიქმნა საექსპლუატაციო-სარემონტო უბნები, რომლებიც დაკომპლექტდა კვალიფიციური, თანამედროვე ხელსაწყოებით აღჭურვილი პერსონალით.  შეზღუდული დროის განმავლობაში შესრულებულ იქნა ტექნიკურად რთული და დიდი მოცულობის სამუშაოები. პირველ რიგში აღდგა და თანამეტროვე ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოვიდა თურქეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის ენერგოსისტემებთან დამაკავშირებელი ელ. გადამცემი ხაზები. აღნიშნული სამუშაოების ჩატარებამ საქართველოს ელექტროსისტემას მისცა საშუალება პარალელურ რეჟიმში ემუშავა მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებთან. ჩატარებული სამუშაოების შედეგად მინიმუმამდე იქნა დაყვანილი ელექტროგადამცემი ხაზების ავარიულად გამორთვების რაოდენობა. ენერგეტიკულმა სისტემამ დაიწყო ძირითადი და უმთავრესი ფუნქციის შესრულება – მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის უწყვეტი და შეუფერხებელი მიწოდება.

დღეისათვის კომპანია მუდმივად ახორციელებს აუცილებელ პროფილაქტიკურ, სარეკონსტრუქციო, სარემონტო და აღდგენით სამუშაოებს. ელექტროგადამცემ ხაზებს ექსპლუატაციას უწევს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განლაგებული საექსპლუატაციო-სარემონტო უბნები (თბილისის, ხაშურის, ზესტაფონისა და წალენჯიხის სსუ-ები) და ფილიალი რუსეთის ტერიტორიაზე – სს გეს “საქრუსენერგოს” ყარაჩაის ფილიალი, რომელიც დაყოფილია მაიკოპისა და ყარაჩაევსკის საექსპლუატაციო-სარემონტო უბნებად. უბნები დაკომპლექტებულია კვალიფიკაციური პერსონალით და აღჭურვილია გადამცემი ხაზის მომსახურებისათვის საჭირო თანამედროვე სტანდარტების ხელსაწყო-იარაღებითა  და სპეცტექნიკით.

ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთებაში ყოფნის შეზღუდულ ვადებში კომპანიის საქმიანობის ფექტურობისა და ოპერატიულობის ამაღლების მიზნით ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განახლდა და შეივსო კომპანიის სპეცტექნიკის პარკი, მათ შორის მძიმე ტექნიკით, რომელთაც გეგმიური სამუშაოების გარდა არაერთხელ მიუღიათ მონაწილება ქვეყანაში სტიქიური მოვლენებით შექმნილი პრობლებების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

2019-2029 წლების საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის მიხედვით სს გეს „საქრუსენერგოს“ მიერ განსახორციელებელი პროექტებია:

ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია, კომპანიის საკუთრებაში არსებული 330 კვ ეგხ „გარდაბანი-აღსტაფას“ (330 კვ ეგხ „გარდაბანი“) რეკონსტრუქცია მისი გაორჯაჭვიანების გზით. კომპანიამ რთულ პანდემიურ პერიოდში  მოახერხდა ორჯაჭვა 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე გადაერთება.  აღნიშნულის განხორციელებისათვის საჭირო შეიქმნა წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ კაპანაღჩში, ორჯაჭვა, 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ ორი ანძის დამონტაჟება და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აშენებულ, სასაზღვრო ზოლში განთავსებულ, ორჯაჭვა 330 ეგხ „1.2 გარდაბნის“  ანძასთან  სადენებისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი გვარლის მიერთება.

გაწეული საქმიანობის შედეგად მნიშვნელოვნად ამაღლდა კომპანიის საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზების იმედიანობა.   სტიქიური მოვლენების თუ ნებისმიერი გაუთვალისწინებელი სიტუაციის შემთხვევაში კომპანია მზად არის პრობლემები აღმოვფხვრას უმოკლეს ვადებში, რისთვისაც პერსონალი დღე-ღამის ნებისმიერ დროს მუდმივ მზადყოფნაშია ენერგოსისტემის უწყვეტობის, უსაფრთხოებისა და საიმედოობის უზრუნველსაყოფად.

სს გეს „საქრუსენერგოს“ აქციონერები არიან: საქართველოს სახელმწიფო, რომლის საკუთრებაშია საზოგადოების აქციათა 50% და რომლის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და რუსეთის ფედერაციის მხრიდან – საჯარო სააქციო საზოგადოება „ერთიანი ენერგეტიკული სისტემის ფედერალური საქსელო კომპანია“ (ПАО «ФСК ЕЭС»), რომლის საკუთრებაშია საზოგადოების აქციათა 50%