საქართველოს ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით 500 კვ ეგხ „ასურეთი“ შეკეთებაში ჩადგა 2022 წლის 10 ოქტომბერს. ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის პერიოდში უნდა შესრულდეს სს გეს საქრუსენერგოს 2022 წლის ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები, კერძოდ: ანძებს შორის გარკვეული მონაკვეთების მაღლივი დათვალიერება, მარყუჟების დაზიანებული სადენების შეკეთება, მეხდამცავ გვარლებზე ნაკლული განმმუხტველი რქების მონტაჟი, დეფექტური იზოლატორების შეცვლა, დამცავი ეკრანების გასწორება, დგარებიდან ფრინველების ბუდეების ჩამოხსნა, საჭიროების შემთხვევაში მაღლივი დათვალიერების დროს აღმოჩენილი სხვა დეფექტების აღმოფხვრა, რომელთა შესრულებაც აუცილებელია გადამცემი ხაზის საიმედო და უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის.

სარემონტო სამუშაოთა მოცულობიდან გამომდინარე ეგხ „ასურეთის“ შეკეთებაში ყოფნის პერიოდში სარემონტო სამუშაოებს თბილისის სსუ-ს პერსონალთან ერთად ხაშურის სსუ-სა და ტრანსპორტის სამსახურის პერსონალი ასრულებს.

გადამცემი ხაზის შეკეთებაში ყოფნის პერიოდში სამუშაოთა მიმდინარეობას კოორდინაციას უწევს აღმოსავლეთ საქართველოს ეგხ-ების ექსპლუატაციისა და მშენებლობის მენეჯერი ვახტანგ კიკვაძე, პერსონალის მიერ სამუშაოთა უსაფრთხო წარმოებაზე კონტროლს ახორციელებს შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ფელიქს ჯანაშია.

500 კვ ეგხ „ასურეთის“ სარემონტო სამუშაოებზე მობილიზებულია სს გეს „საქრუსენერგოს“  30-მდე სპეციალისტი და 10 ერთეული სპეცტექნიკა.

სარემონტო სამუშაოების განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად ამაღლდება გადამცემი ხაზის საიმედოობა და მდგრადობა, რაც მეტად მნიშვნელოვანია მოახლოებული შემოდგომა-ზამთრის პერიოდის წარმატებით გავლისათვის და მოსახლეობის უწყვეტი ელექტროენერგიით მომარაგებისათვის.