500 კვ ეგხ „იმერეთის“ შეკეთებაში ყოფნის პერიოდში 2022 წლის 13 სექტემბრიდან 07 ოქტომბრის ჩათვლით შესრულდება სს გეს „საქრუსენერგოს“ 2022 წლის ბიზნეს გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები, მათ შორის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ეგხ-ს N330-N340 საანკერო მალში, რომელიც მოიცავს არსებული Р2 ტიპის N335, N336 და N337 შუალედური ანძების У2К+5 ტიპის კუთხური ანძებით შეცვლას და 2022-2032 წლების ათწლიანი გეგმით გათვალისწინებული 500 კვ ეგხ „იმერეთის“ რეაბილიტაციის ფარგლებში N328-N329 საანკერო მალში დაზიანებული სადენების შეცვლის სამუშაოები სამივე ფაზაში.

ეგხ „იმერეთის“ შეკეთებაში ჩაყენების თარიღი შეთანხმებულია სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან.

აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით შედგა საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციები, რომელთაც ჩაუტარდათ ექსპერტიზები ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და „A” ტიპის ინსპექტირების ორგანოს შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის“ მიერ.

500 კვ ეგხ „იმერეთის“ N330-N340 საანკერო მალში სამუშაოების წარმოება განეკუთვნება განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობას, რაზეც გამოცემულია სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ ბრძანება – სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოების ნებართვაზე. ეგხ „იმერეთის“ N330-N340 საანკერო მალში სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებას ზედამხედველობას  გაუწევს „A” ტიპის ინსპექტირების ორგანო.

500 კვ ეგხ „იმერეთის“ შეკეთებაში ყოფნის ვადებიდან და   შესასრულებელი სარემონტო სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მივიჩნიეთ სამუშაოებში კონტრაქტორი კომპანიის მოწვევა. ჩატარებული კონკურსის საფუძველზე 500 კვ ეგხ „იმერეთის“ N330-N340 და N328-N329 საანკერო მალებში სარეკონსტრუქციო და სადენების შეცვლის სამუშაოებს შეასრულებს შპს „ნიუ მეტალ ჯორჯია“.

500 კვ ეგხ „იმერეთის“ შეკეთებაში ყოფნის შეზღუდულ ვადებში N330-N340 საანკერო მალში სარეკონსტრუქციო სამუშაოების სრული მოცულობით შესრულებისათვის ობიექტზე მობილიზაცია სამუშაოთა დასაწყებად  დაგეგმილია მიმდინარე წლის 20 აგვისტოდან. მანამდე ყველა საჭირო მასალა, რომელიც გამოყენებული იქნება სამუშაოების ჩასატარებლად  უკვე დასაწყობებულია სამუშაოთა წარმოების დროებით ბაზაზე სოფელ სეფარეთში.

სს  გეს „საქრუსენერგოს“ პერსონალი შეასრულებს გეგმით გათვალისწინებულ სარემონტო სამუშაოებს, რომლებიც დაკავშირებულია გატეხილი და გაჭუჭყიანებული იზოლატორების შეცვლასთან, მარყუჟებსა და მალებში  დაზიანებული სადენების შეკეთება-შეცვლასთან, განმბრჯენებისა და სახაზო არმატურის შეცვლასთან. აღნიშნულ პერიოდში შესრულდება ეგხ „იმერეთის“ გარკვეული მონაკვეთების მაღლივი დათვალიერება. საჭიროების შემთხვევაში სამუშაოები, რომელთა შესრულებაც აუცილებელი იქნება გადამცემი ხაზის უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებისათვის.