საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს ორჯაჭვა 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ სამშენებლო-სამონტაჟო და არსებული 330 კვ ეგხ „გარდაბნის“ სადემონტაჟო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საკუთრებაში არსებულ 220 კვ ეგხ „ალავერდზე“ („ალავერდი-3“), რომელიც მოიცავდა ეგხ-ს N17-N19 ანძებს შორის მონაკვეთში სამი ახალი ანძისა და სადენების მონტაჟს. 220 კვ ეგხ „ალავერდის“ რეკონსტრუქცია საჭირო გახდა მშენებარე ორჯაჭვა 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ N17-N19 და N17-N19ა საყრდენებს შორის მალებში 220 კვ ეგხ „ალავერდთან“ გადაკვეთაზე ვერტიკალური გაბარიტის დაცვის მიზნით.

220 კვ ეგხ „ალავერდის“ სარეკონსტრუქციო უბანზე  დამატებით დამონტაჟდა  ორი, У220-3 ტიპის N17ა და N17  ანძა, ხოლო N18 შუალედური (П220-3 ტიპის) ანძის ნაცვლად დამონტაჟდა ახალი У220-1-14 ტიპის საანკერო კუთხური ანძა. 220 კვ ეგხ „ალავერდზე“ მომავალში დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების თანახმად ეგხ-ს N17 – N19 ანძებს შორის მალში დამონტაჟდა АС-400/51 მარკის სადენი.

220 კვ ეგხ „ალავერდის“ რეკონსტრუქცია შესრულდა 2022 წლის 17-დან 24 მაისამდე პერიოდში და იგი შეასრულა სს გეს „საქრუსენერგოს“ კონტრაქტორმა კომპანიამ სს „ენერგონმა“. სარეკონსტრუქციო სამუშაოები შესრულდა სრული მოცულობით და ხარისხიანად.