2006 წელს ჩატარდა სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხთა სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომა, რომელზეც მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველოსა და სომხეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი ახალი 400 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის თაობაზე. ქვესადგური „ქსანი-500“-დან რაზდანის თბოელექტროსადგურამდე. აღნიშნულ სქემაში გათვალისწინებული იყო არსებული 500 კვ ეგხ „მუხრანის“ 75 კმ-იანი მონაკვეთის გამოყენება ქ/ს „ქსანი-500“-დან ეგხ „მუხრანის“ N42 ანძამდე.
ქ/ს „მარნეული-500“, 500 კვ ეგხ „მარნეული-აირუმის“ მეშვეობით დაუკავშირდება 500 კვ ქ/ს „აირუმს“ (500/400 კვ, 700 მგვტ, მუდმივი დენის ჩანართით), საიდანაც შესაძლებელი იქნება რაზდანის თბოელექტროსადგურთან დაკავშირება მისი შემდგომი გაგრძელებით ირანის მიმართულებით, ორჯაჭვა 400 კვ ეგხ-ების მეშვეობით, რითაც საგრძნობლად გაიზრდება რუსეთს, საქართველოს, სომხეთსა და ირანს შორის სიმძლავრეთა მიმოცვლის მოცულობა. გადამცემი ხაზით შესაძლებელია ზაფხულში, საქართველოში გამომუშავებული ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში, ხოლო ზამთარში მნიშვნელოვანი მონაწილეობა ენერგოსისტემის დეფიციტის შევსებაში, რაც მნიშვნელოვნად აამაღლებს საქართველოს ელექტროენერგიით მომარაგებისა და გადამცემი ქსელის ფუნქციონირების იმედიანობას.