სს გეს “საქრუსენერგოს” გენერალური დირექტორი მამუკა მენაღარიშვილი და გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ირაკლი კენჭიაშვილი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიას ენერგეტიკული გზაჯვარედინი: “არჩევანი უსაფრთხო მომავლისთვის“ დაესწრნენ.
“საქართველო მთავრობა აქტიურად ეხმარება და ხელს უწყობს როგორც ადგილობრივ, ისე – უცხოელ ინვესტორებს ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნით, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს როგორც ჰიდრო, ასევე – მზისა და სხვა სუფთა ენერგიის წყაროების განვითარებას,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე „ენერგეტიკული გზაჯვარედინი: არჩევანი უსაფრთხო მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრის მოადგილემ მიმოიხილა საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკა და ყურადღება გაამახვილა დარგის განვითარების სამთავრობო ხედვაზე, მათ შორის, სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერების კუთხით.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, შემუშავდა წყალბადის სამოქმედო გეგმა და გზამკვლევი.
თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, გადამცემი ქსელების განახლებაზე, დარგში ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და სხვა პრიორიტეტებზე.
აღნიშნულ პანელურ დისკუსიაში ინგა ფხალაძესთან ერთად მონაწილეობდნენ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) გენერალური მდივანი ლაზარ კომანესკუ, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების სახელმწიფო მდივანი პეტერ სტარაი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელნურ სოლტანოვი.

