საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 2019-2029 წლების ათწლიან გეგმაში შეტანილია კომპანიის საკუთრებაში არსებული 330 კვ ეგხ „გარდაბანი-აღსტაფას“ (330 კვ ეგხ „გარდაბანი“) რეკონსტრუქცია მისი გაორჯაჭვიანების გზით. აღნიშნული პროექტის განმახორციელებელ და ორჯაჭვა 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ მფლობელ კომპანიად განსაზღვრულია სს გეს „საქრუსენერგო“.
აღნიშნულთან დაკავშირებით 2019 წელს კომპანიის პროექტირებისა და მშენებლობის ჯგუფის მიერ შედგენილი იქნა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელმაც გაიარა ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. პროექტის მიხედვით ახალი ელექტროგადამცემი ხაზის ტრასის გარკვეული ნაწილი N1-N17 და N54-N62 ანძებს შორის მონაკვეთი მიჰყვება 330 კვ ეგხ „გარდაბნის“ არსებულ ტრასას. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, სს გეს „საქრუსენერგოსა“ და სს „აზერენერჯის“ სამმხრივი შეთნხმების თანახმად გადამცემი ხაზის მშენებლობის დასრულებისა და ეგხ-ს ტესტირების ვადად განისაზღვრა 2021 წლის სექტემბერი.
ეგხ „გარდაბანი“ წარმოადგენს საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ 330 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 1958 წელს. ეგხ-ს ექსპლუატაციის ვადებიდან გამომდინარე ამოწურული აქვს მუშაობის რესურსი და მისი განახლებისათვის საჭიროა ყველა ანძის, სადენისა და მეხდამცავი გვარლის სრულად შეცვლა.
330 კვ ეგხ „გარდაბნის“ რეკონსტრუქცია შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობით 700-დან 1000 მგვტ-მდე სიმძლავრეთა მიმოცვლის გაზრდისა და სინქრონული ოპერირების საიმედოობის ამაღლების საშუალებას იძლევა საქართველოს აზერბაიჯანისა და რუსეთის ენერგოსისტემებს შორის.
მიმდინარე წლის მარტის თვეში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მივიღეთ დავალება ორჯაჭვა 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო მონაკვეთზე მიმდინარე წლის მაისის თვის პირველ დეკადაში არსებულ 330 კვ ეგხ „გარდაბანთან“ გადაერთებაზე.
აღნიშნულის განხორციელებისათვის საჭირო იყო სოფელ კაპანახჩში, წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ორჯაჭვა, 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ ორი, N62 და N63 ანძების დამონტაჟება და N63 ანძიდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სასაზღვრო ზოლში განთავსებულ N158 ანძაზე სადენებისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი გვარლის დაკიდება (მალის სიგრძე 460 მ).
დაიგეგმა და ოპერატიულად განხორციელდა ყველა აუცილებელი შეკვეთა (ფუნდამენტები, ანძები, იზოლაცია, სამონტაჟო არმატურა, სადენი და სხვა), რომელთა მოწოდებაც (მიუხედავად ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობისა) განხორციელდა დროულად.
უმოკლეს ვადებში მოეწყო ფუნდამენტები და განხორციელდა ანძების აწყობა. თითოეული ანძა იწონიდა 32 ტონას, რომელთა ანალოგი, როგორც წონით, გაბარიტული ზომებითა და ექსპლუატაციის გამოცდილებით სს გეს „საქრუსენერგოს“ ჯერ არ ჰქონია.
მიუხედავად აღნიშნულისა სს გეს „საქრუსენერგოს“ პერსონალმა უმოკლეს ვადებში შეძლო ორი У330-2+9 ტიპის ანძის მონტაჟი და საქართველო აზერბაიჯანის საზღვარზე რთულ მეტეოროლოგიურ და სამუშაო პირობებში 12 წვერი АС300/67 ტიპის სადენის გადაერთება.
2020 წლის 9 მაისისათვის ორჯაჭვა, ახალი 330 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „1,2 გარდაბანი“ N62 ანძიდან დაკავშირებული იქნა არსებულ 330 კვ ეგხ „გარდაბანთან“ (N3 ანძაზე).
სამუშაოთა მიმდინარეობას კოორდინაციას და მონიტორინგს უწევდა დასავლეთ საქართველოს ეგხ-ების ექსპლუატაციისა და მშენებლობის მენეჯერი ანდრო ცხადაძე.
დაკავებული მანქანა-მექანიზმებისა და სპეცტექნიკის მუშაობას კოორდინაციას უწევდა ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოადგილე გურამ ჯავშანაშვილი.
პერსონალის მიერ სამუშაოთა უსაფრთხო წარმოებაზე და ქვეყანაში ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული ინფექციის თავიდან არიდებისათვის საჭირო პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე კონტროლს აწარმოებდა შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ფელიქს ჯანაშია.
ორჯაჭვა, 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ N62 და N63 ანძების განთავსების ადგილების შერჩევა და საავტორო ზედამხედველობა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოებაზე განახორციელა გეოინფორმაციული სისტემების სამსახურის უფროსმა გიორგი ნადირაძემ და პროექტირებისა და მშენებლობის ჯგუფის უფროსმა იური ნადირაძემ.
აღსანიშნავია, რომ ორჯაჭვა 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო მონაკვეთზე გადაერთებასთან დაკავშირებული სამუშაოები სრულად შესრულებულია სს გეს „საქრუსენერგოს“ პერსონალის მიერ.