მიმდინარე წელს 500 კვ ეგხ „ასურეთი“ საქართველოს ეროვნულ სადისპეჩერო ცენტრთან შეთანხმებული გეგმის შესაბამისად შეკეთებაში ჩადგა 10 ოქტომბერს და იგი გასტანს 27 ოქტომბრის ჩათვლით. ამჟამად მიმდინარეობს და სრულად ჩატარდება ეგხ-ს მაღლივი დათვალიერება, გატეხილი გამბრჯენების შეცვლა, სადენისა და მეხდამცავი გვარლის საკიდი არმატურის ნაცვეთი ნაწილების შეცვლა, სადენების დაზიანებულ ძარღვებზე არტახების და სპირალური სარემონტო მომჭერების დადება, კუთხურ ანძებზე შემოვლითი მარყუჟების სადენების რეგულირება, სამსხივიანი მხრეულებისა და დამცავი ეკრანების გასწორება, ასევე მაღლივი დათვალიერების შედეგად გამოვლენილი გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოების წარმოება და სხვა სარემონტო სამუშაოები, რომლებიც გამოვლინდა სარემონტო სამუშაოების წარმოების პროცესში და რომელთა შესრულებაც აუცილებელია გადამცემი ხაზის უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებისათვის. 500 კვ ეგხ „ასურეთი“ დიდგორის ქედზე გადადის რთულ რელიეფურ და მეტეოროლოგიურ არეალში, ძლიერი ქარებით, რის გამოც გაზრდილია სადენისა და მეხდამცავი გვარლის საკიდი არმატურების ცვეთა. განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში და გაზაფხულზე ძლიერი ქარების დროს ავარიულ გამორთვებს იწვევდა შუალედური Р2 ტიპის ანძების სადენების დაახლოება ანძის ტანთან. აღნიშნული პრობლემა მოგვარებული იქნა 2018 წელს, შუა ფაზის სადენების გირლიანდების V-სებრი შესრულებით, ხოლო განაპირა ფაზებზე ტვირთების დაკიდებით.
500 კვ ეგხ „ასურეთის“ სარემონტო სამუშაოებზე დაკავებულია როგორც თბილისისა და ხაშურის საექსპლუატაციო-სარემონტო უბნების, ასევე ტრანსპორტის სამსახურის პერსონალი. ეგხ „ასურეთზე“ სარემონტო სამუშაოების წარმოებაზე მობილიზებულია 10 ერთეული ავტო და სპეცტექნიკა.
სამუშაოთა მიმდინარეობას კოორდინაციას და მონიტორინგს უწევს აღმოსავლეთ საქართველოს ელექტროგადამცემი ხაზების ექსპლუატაციისა და მშენებლობის მენეჯერი ვახტანგ კიკვაძე, ხოლო პერსონალის მიერ სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოებაზე კონტროლს ახორციელებს შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ფელიქს ჯანაშია.
სარემონტო სამუშაოების განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად ამაღლდება გადამცემი ხაზის საიმედოობა და მდგრადობა, რაც მეტად მნიშვნელოვანია მოახლოებული შემოდგომა-ზამთრის პერიოდის წარმატებით გავლისათვის და მოსახლეობის უწყვეტი ელექტროენერგიით მომარაგებისათვის.