2016 წელს 500 ეგხ “კავკასიონის“ N167 შუალედურ ანძაზე (რუსეთის ფედერაციის ტერიტორია) გაწყდა სადენის დამჭერი გირლანდა და სადენი ჩამოვარდა, რაც გამოიწვია იზოლატორის ღეროს დაზიანებამ (გადატყდა ბუდეში). იზოლატორის დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ ღერო დაჟანგული იყო და ქუდზე აღინიშნებოდა ელექტრული რკალის გადაფარვის კვალიც. შემოვლა-დათვალიერებებმა გამოავლინა, რომ იზოლატორები მსგავსი დეფექტებით იყო ეგხ „კავკასიონის“ სხვა შუალედური ანძების გირლანდებშიც.
აღნიშნულის გამო სს გეს“ საქრუსენერგოს“ საექსპლუატაციო-სარემონტო უბნების პერსონალს დაევალა კომპანიის საკუთრებაში არსებული ყველა ელექტროგადამცემი ხაზის შემოვლა-დათვარიელება მსგავსი დეფექტური იზოლატორების აღმოჩენის მიზნით. იზოლატორები მსგავსი დეფექტებით გარდა 500 კვ ეგხ „კავკასიონისა“ აღმოჩნდა ეგხ „იმერეთის“ 169 შუალედური ანძის დამჭერ გირლანდებში. შესაბამისად შედგა სადეფექტო აქტი და განისაზღვრა შესაცვლელი იზოლატორების რაოდენობა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიის ხელმძღვანელობამ მიზანშეწონილად მიიჩნია ყველა გამოვლენილ დეფექტურ გირლანდებში კოროზირებული იზოლატორებისა და აგრეთვე ამ ანძების გირლანდებში სხვადასხვა რაოდენობით ჭუჭყიანი და გატეხილი იზოლატორების შეცვლა, ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის პერიოდში – საორიენტაციოდ 10 ცალი თითოეულ გირლანდაში.
აღნიშნული სამუშაოების შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეგხ „იმერეთის“ ავარიული გამორთვების პრევენციის მიზნით, რადგან ეგხ „იმერეთი“ ჯერ-ჯერობით წარმოადგენს ერთადერთ, უალტერნატივო 500 კვ ელექტროგადამცემ ხაზს, რომლის მეშვეობითაც ხდება ენგურჰესში გამომუშავებული და იქ თავმოყრილი ელექტროენერგიის გადაცემა აღმოსავლეთ საქართველოში.
საქართველოს ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან შეთანხმებული გრაფიკით 500 კვ ეგხ “იმერეთი“ შეკეთებაში ჩადგება 2018 წლის 23 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით.
სამუშაოების დიდი მოცულობის, ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის შეზღუდული ვადებისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მათი სრულყოფილად შესრულებისათვის სს გეს „საქრუსენერგოს“ პერსონალთან ერთად იზოლატორებს 100 შუალედურ ანძაზე შეცვლის კონტრაქტორი კომპანია.
500 კვ ეგხ „იმერეთის“ შეკეთებაში ყოფნის პერიოდში კომპანიის მხრიდან იზოლატორების შეცვლის სამუშაოებს, ასევე მალებში დაზიანებული განბრჯენების შეცვლას, მარყუჟების რეკონსტრუქციას და მაღლივ დათვალიერებას შეასრულებს სს გეს „საქრუსენერგოს“ წალენჯიხის, ზესტაფონის, ხაშურისა და თბილისის საექსპლუატაციო-სარემონტო უბნებისა და ტრანსპორტის სამსახურის პერსონალი. აღნიშნულ პერიოდში ეგხ „იმერეთის“ სარემონტო სამუშაოებზე დაკავებული იქნება კომპანიის 80-მდე თანამშრომელი. გამოყენებული იქნება 25 ერთეული სპეცტექნიკა, შესაბამისი რაოდენობის ხელსაწყო-იარაღები და აღჭურვილობა. მენეჯმენტის მხრიდან განხორციელდება სამუშაოთა წარმოების კოორდინაცია და მონიტორინგი, ზედამხედველობა სამუშაოთა უსაფრთხოდ შესრულებაზე.
სამუშაოები შესრულდება გალის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ხონის, წყალტუბოს, ტყიბულის და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, გადამცემი ხაზის 130 კილომეტრიან მონაკვეთზე. სხვა სარემონტო სამუშაოებთან ერთად 500 კვ ეგხ „იმერეთის“ შეკეთებაში ყოფნის პერიოდში ჯამში შეიცვლება 5 500 ცალამდე იზოლატორი, რაც მოახლოებული წყალდიდობის სეზონისათვის მნიშვნელოვნად აამაღლებს გადამცემი ხაზის უსაფრთხოებას და საიმედოობას.