საქართველოს ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან შეთანხმებით მიმდინარე წლის 06 აგვისტოდან შეკეთებაში ჩადგა 500 კვ ეგხ „კავკასიონი“. შეკეთებაში ყოფნის პერიოდში ეგხ „კავკასიონზე“ მიმდინარეობს გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელიც მოიცავს დაზიანებული იზოლატორებისა და გაცვეთილი სახაზო ელემენტების შეცვლას, დაზიანებული სადენების შეკეთებას, ანძებთან მისასვლელი გზების გაწმენდა-აღდგენას, ეგხ-ს ტრასის გაწმენდას ხე-მცენარეებისა და ეკალბარდებისგან, რომელთა შესრულებისთვისაც აუცილებელი იყო გადამცემი ხაზის შეკეთებაში ჩაყენება და სხვა. გეგმიური სამუშაოების ფარგლებში16 აგვისტოს დასრულდა N143 ანძის „A” ფაზის დეფორმირებული დგარის მეწყერსაშიში ზონიდან გადატანის სამუშაოები.
500 კვ ეგხ „კავკასიონის“ N143 ანძა მდებარეობს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერიდან 12 კმ-ის მოშორებით კოდორის ხეობის მიმართულებით. ეგხ „კავკასიონის“ N143 ანძა არის У2С2 ტიპის, რომლის “A“ ფაზის დგარის ფუნდამენტი ზედაპირული, ფერდობული წყლების ზემოქმედების შედეგად დაზიანდა, რამაც გამოიწვია დგარის ადგილიდან დაძვრა და დეფორმაცია. ჩატარებული გეოლოგიური კვლევების საფუძველზე რეკომენდირებული იქნა დგარის უსაფრთხო ადგილზე გადატანა. აუცილებელი გეოლოგიური და ტოპოგეოდეზიური სამუშაოების ჩატარების საფუძველზე შერიჩა უსაფრთხო ადგილი, სადაც დამონტაჟდა ახალი დგარი.
ეგხ „კავკასიონის“ N143 ანძის “A“ ფაზის დგარის გადატანის საპროექტო სამუშაოები შესრულდა კომპანიის პროექტირებისა და მშენებლობის ჯგუფის მიერ. დგარის გადატანის სამუშაოებზე მობილიზებული იყო სს გეს „საქრუსენერგოს“ წალენჯიხის, თბილისის, ხაშურის სსუ-ებისა და ტრანსპორტის სამსახურის პერსონალი და სპეცტექნიკა. სამუშაოთა წარმოებას ხელმძღვანელობს დასავლეთ საქართველოს ეგხ-ების ექსპლუატაციისა და მშენებლობის მენეჯერი ანდრო ცხადაძე. კონტროლს, პერსონალის მხრიდან სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოებაზე ახორციელებს შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ფელიქს ჯანაშია.
გადამცემი ხაზი შეკეთებაში იქნება 2019 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით. სამუშაოები მიმდინარეობს ეგხ „კავკასიონის“ საქართველოსა და რუსეთის ტერიტორიაზე გამავალ მონაკვეთებზე დაგეგმილი მოცულობებისა და სამუშაოთა შესრულების გრაფიკის შესაბამისად.