2018 წელს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 კვ ეგხ „კავკასიონი“-ს შემოვლისას დაფიქსირდა У2+5 ტიპის №59 ანძის „B“ ფაზის დგარის განთავსების ტერიტორიის ეროზიული მოვლენები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდა აღნიშნული დგარის მდგრადობას. საყრდენის განთავსების ტერიტორიაზე, განვითარებული არასასურველი გეოდინამიკური პროცესების შესწავლის და მისგან დამცავი ღონისძიებების შემუშავებისა და დაპროექტების მიზნით ჩატარდა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები.
გეოლოგიური კვლევების შედეგად დადგინდა, რომ 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ N59 ანძის განთავსების ტერიტორიაზე შეიმჩნევა ზედაპირული წყლების სადინარების კვალი, რომლების წარმოშობაც ატმოსფერული ნალექებისა და თოვლის დნობის პროცესებთან არის დაკავშირებული. მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება პროცესები, რაც აღნიშნულ უბანს საინჟინრო-გეოლოგიური თვალსაზრისით არამდგრადს ხდის, რის გამოც აუცილებელი გახდა დამცავი ღონისძიებების გატარება.
ზედაპირული წყლების ნაპრალებში მოხვედრის დიდი ალბათობის გათვალისწინებით, გარდუვალი იქნებოდა პროცესების გააქტიურება, რაც გამოიწვევდა გრუნტის გადაადგილების ინტენსივობის გაზრდას №59 ანძიდან მის ქვედა ტერასისკენ – №60 ანძისაკენ. პროცესებში პრაქტიკულად ჩათრეული აღმოჩნდებოდა ასევე ფერდობის მთელი დატერასებული ნაწილი, რომელზეც განლაგებულია ასევე ეგხ „კავკსიონის“ N58 ანძაც. გეოლოგიური კვლევების შედეგად უბანზე გრუნტის წყლები არ დაფიქსირებულა.
შესაბამისად შედგა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გაბიონების მოწყობას ეგხ „კავკასიონის“ N59 ანძის „B“ ფაზის დგარის ფუნდამენტის გასამაგრებლად. სულ მოეწყობა 270 მ3 დამცავი გაბიონი. აღდგენითი სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წლის 25 ივნისს და დასრულება ნავარაუდევია 06 აგვისტოსათვის.
სამუშაოთა შესრულებაზე დაკავებულია შესაბამის კვალიფიკაციის მქონე 15 კაცისაგან შემდგარი დაქირავებული ბრიგადა, ასევე სს გეს „საქრუსენერგოს“ წალენჯიხის საექსპლუატაციო-სარემონტო უბნისა და ტრანსპორტის სამსახურის პერსონალი.
შესრულებული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად ამაღლდება როგორც საქართველოსა და რუსეთის ენერგოსისტემების პარალელური რეჟიმში მუშაობის იმედიანობა, ასევე „ენგურჰესის“ აგრეგატების მუშაობის მდგრადობა და უსაფრთხოება.